
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მე-6 არმიის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ვლადისლავ ერშოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი ჟურნალისტი რომან ციმბალიუკი ავრცელებს. მიზეზი კი სავარაუდოდ ის უზარმაზარი დანაკარგები გახდა, რაც რუსეთის არმიამ უკრაინაში შეჭრის შემდეგ განიცადა.
წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ მე-6 არმიამ 2000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, მათგან 180-მდე წვევამდელია. ჟურნალისტის ინფორმაციით, ერშოვი ამჟამად შინაპატიმრობაშია და მის წინააღმდეგ საქმეც აღძრეს.
შეგახსენებთ, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში 25-დღიანი ომის შედეგად, უკრაინაში 9861 რუსი სამხედრო დაიღუპა, 16 ათასზე მეტი კი დაიჭრა. სტატია მალევე წაიშალა.
რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად არ აღიარებს, რომ დიდი ზარალი ნახა. უკრაინის ოფიციალური მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან დღემდე, ლიკვიდირებულია 15 ათასზე მეტი ოკუპანტი.