უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსული შეიარაღებული ძალების აგრესიას ქვეყანაში უკვე 121 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 167-მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
უწყების ცნობით, ყველზე მეტი ბავშვი დაზარალდა კიევის ოლქში - 61, ხარკოვში - 41, დონეცკში - 40, ჩერნიგოვში - 32, ნიკოლაევში - 24, კიევში (დედაქალაქში) - 16, ჟიტომირში - 15, ხერსონში - 15, სუმში - 14.
ყოველდღიური თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად დაზიანდა 548 სასწავლო დაწესებულება, აქედან 72 მთლიანად განადგურდა.
მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.