"ამ ეტაპზე მტერს ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქების მისადგომებთან ვებრძვით. რთული ვითარებაა, თუმცა მედგრად ვდგავართ", - ამბობს ნიკოლაევის გუბერნატორი, ვიტალი კიმი.
როგორც მან აღნიშნა, ცდილობენ, ჰუმანიტარული ტვირთი ყველაზე ცხელ წერტილებში მყოფ ადამიანებსაც მიაწოდონ, ასევე, აღადგინონ სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი სხვა პირობებიც.
"წუხელ ერთი ფრთოსანი რაკეტა ჩამოვაგდეთ, რომელიც კრივოი-როგის მიმართულებით მიფრინავდა. ყველანაირად ვცდილობთ, მტერმა ჩვენს წინააღმდეგ საჰაერო სივრცე ნაკლებად გამოიყენოს. რაც შეეხება ჰუმანიტარულ ტვირთს, ვეცდებით, რომ ყველაზე ცხელ წერტილებში მყოფ ადამიანებსაც მაქსიმალურად დავეხმაროთ", - თქვა ვიტალი კიმმა.
მძიმე ვითარებაა ოხტირკაშიც. ქალაქის მერის, პაველ კუზმენკოს თქმით, ოკუპანტებმა კიდევ ერთი დასახლება გაანადგურეს. ჭურვები მრავალსართულიან კორპუსს მოხვდა, სადაც არანაირი სამხედრო დაწესებულება არ იყო.
"რუსი ოკუპანტების მიერ ღამით მიტანილი იერიშის შედეგად კიდევ ერთი დასახლება განადგურდა. მთლიანად დანგრეულია მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. აქ არანაირი სამხედრო დაწესებულება არ ყოფილა, მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობდნენ. მტერმა ამ კორპუსს ორი ჭურვი ესროლა. ოკუპანტებო, ვის ებრძვით?! ბებიებს და ბავშვებს?! მოშორდით აქედან!", - თქვა პაველ კუზმენკომ.