შეერთებული შტატებისა და პოლონეთის პრეზიდენტის შეხვედრა უკვე დასრულდა, ახლა ჯო ბაიდენი ვარშავის ეროვნული სტადიონზე მიდის, სადაც უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულებს მოინახულებს.
ანდჟეი დუდასთან შეხვედრისას, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ევროპის სტაბილურობა აშშ-ს როლისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. მან ხაზი გაუსვა NATO-ს ერთიანობის მნიშვნელობას.
"25 წლის წინ, როცა პოლონეთის NATO-ში გაწევრიანებაში აქტიური მონაწილეობის მიღების შემდეგ, ვარშავის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვედი, მაშინ ვთქვი ასეთი სიტყვები: ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის.
დღესაც ამის თქმა შემიძლია, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ გვაერთიანებს, ეს არის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, მთავრობის გამჭვირვალობა და თავისუფალი არჩევნები. ამერიკის უნარი, რომ თავისი როლი შეასრულოს დანარჩენ მსოფლიოში დაფუძნებულია გაერთიანებულ ევროპაზე. ორი მსოფლიო ომი ჩვენთვის დიდი გაკვეთილი იყო და აქედან შესაბამისი დასკვნები გამოვიტანეთ, რომ სტაბილური ევროპა ყოველთვის იყო აშშ-ს როლისთვის გადამწყვეტი ფაქტორი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ერთმანეთთან მუდმივ კონტაქტში ყოფნა, რომ ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ.აშშ-ს ყველა წარმომადგენელი ყოველთვის ამბობს, NATO-ს მე-5 მუხლს ჩვენ ვუყურებთ, როგორც წმინდა ვალდებულებას, დღეს, როცა ასეთი ცვლილებები ხდება არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში უმნიშვნელოვანესია, რომ NATO იყოს ერთიანი.
ვლადიმერ პუტინს იმედი ჰქონდა, რომ NATO-ს გახლეჩდა, გაყოფდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ფლანგებად, მაგრამ მან ამას ვერ მიაღწია",- თქვა ბაიდენმა.
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ, ჯო ბაიდენს პოლონეთის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ბაიდენის ვიზიტი ამერიკისა და პოლონეთის ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია.
"ჩვენ კმაყოფილი ვართ ამერიკული ინვესტიციით, ასევე ამერიკელი ჯარისკაცების ყოფნით ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგებს აძლიერებენ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ დახმარებისთვის და მინდა გითხრათ, რომ პოლონეთის სერიოზული პარტნიორი და სანდო მოკავშირეა.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ. ჩვენ ასევე გვინდა, რომ ჩვენი ჯარი თანამედროვედ იყოს აღჭურვილი და ამისთვის ახალ აღჭურვილობას შევიძენთ, რომელიც აშშ-ში იწარმოება. ყველა კავშირი ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო ძლიერდება თქვენი დღევანდელი ვიზიტით და ეს ასევე მნიშვნელოვანია ამერიკული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის. ასევე მინდა გითხრათ, რომ თქვენი ვიზიტი ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა, როცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან აგრესია ხორციელდება და ეს უკრაინელი ხალხის დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველანი განვიცდით ამას მათთან ერთად, ეს ასევე ქმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ, პოლონელებმა, კარგად ვიცით, რას ნიშნავს რუსული იმპერიალიზმი",-თქვა დუდამ
დუდასთან შეხვედრამდე ჯო ბაიდენი უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებსაც შეხვდა.
იხილეთ ასევე: