უკრაინაში გმირულად დაღუპულ დავით გობეჯიშვილს, საქართველოში სავარაუდოდ, 29 მარტს გადმოასვენებენ

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, დავით გობეჯიშვილს სამშობლოში სავარაუდოდ, 29 მარტს გადმოასვენებენ.

დაღუპული მეომრის ოჯახი ტყიბულში ცხოვრობს. მათ დილიდან უსამძიმრებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები. 

ახლობლები დავით გობეჯიშვილს დადებით პიროვნებად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ის აფხაზეთისა და აგვისტოს ომებშიც იბრძოდა.

"ვეხვეწე, არ გინდა, ნუ წახვალ-მეთქი. არაო, მაინცდამაინც, ჩემს შვილებამდე რომ მოვა, მაშინ უნდა წავიდეო? ამბობდა, ჩემი მოსაკლავი ტყვია რუსებს ჯერ არ ჩამოუსხამთო და მართლაც, ბომბი ჩამოუსხიათ ტყვიის მაგივრად", - ამბობს გარდაცვლილი მეუღლე, მარიკა კუბლაშვილი.

დავით გობეჯიშვილი პოლონეთში 12 მარტს სამუშაოდ წავიდა, იქიდან კი მეგობრებთან ერთად უკრაინაში საომრად გადავიდა. ოჯახი მის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს. გარდაცვლილს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, დავით გობეჯიშვილი ირპენში ძლიერი შეტაკებების დროს დაიღუპა. ბრძოლისას უკრაინელმა და ქართველმა სამხედროებმა ოკუპანტებს სერიოზული ზიანი მიაყენეს. გააანადგურეს რუსული მიგ-24-ის და მიგ-25-ის ტიპის თვითმფრინავები, 34 ჯავშანტრანსპორტიორი, 14 ტანკი. რუსი ჯარისკაცების ნაწილი ტყვედ აიყვანეს, მათგან რამდენიმე თავად ჩაბარდათ. ბრძოლისას დაიჭრა ერთი უკრაინელი სამხედრო.

უკრაინაში უკვე 4 ქართველი ჯარისკაცია დაღუპული. ქალაქ ირპენთან ბრძოლისას დაიღუპნენ დავით რატიანი და გია ბერიაშვილი, ხოლო ქალაქ მარიუპოლში ბახვა ჩიქობავა. 

დავით რატიანი და გია ბერიაშვილი გუშინ სამხედრო პატივით დაკრძალეს. რაც შეეხება ბახვა ჩიქობავას, მისი ცხედრის გადმოსვენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რადგან მარიუპოლში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი