G7- ის ქვეყნები (აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა) არ გადაიხდიან რუბლს რუსულ გაზში, როგორც ამას რუსეთი მოითხოვს - ამის შესახებ გერმანიის ენერგეტიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა G7-ის ენერგეტიკის მინისტრებთან კონფერენციის შემდეგ განაცხადა.
„დიდი შვიდეულის ყველა მინისტრი შეთანხმდა, რომ ეს არის არსებული კონტრაქტების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა ... შეთანხმებები ძალაშია და კომპანიებმა პატივი უნდა სცენ მათ... რუბლით გადახდა მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ დაინტერესებულ კომპანიებს არ შეასრულონ პუტინის მოთხოვნები." თქვა მინისტრმა.
რუსეთი "არამეგობრულ ქვეყნებს" გაზის საფასურს რუბლში გადაახდევინებს - შესაბამისი მექანიზმის შემუშავება პუტინმა ცენტრალურ ბანკს 23 მარტს დაავალა და ერთკვირიანი ვადა მისცა.
კრემლის პრესსპიკერმა პესკოვმა კი დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ ევროპა გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდის, ბუნებრივ აირს უფასოდ არ მიაწვდიან.
„ცალსახად არ ვაპირებთ ევროპას ბუნებრივი აირი უფასოდ მივაწოდოთ. ამის თქმა აბსოლუტური დარწმუნებით არის შესაძლებელი. ჩვენს სიტუაციაში ევროპული ქველმოქმედება ნაკლებად შესაძლებელია და არც მიზანშეწონილია“ - თქვა პუტინის სპიკერმა