დეკლარაცია ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარის მოადგილემ 2018 წელს შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, ამირან კოპალეიშვილის მამას, გია კოპალეიშვილს სამეწარმეო საქმიანობით ნახევარ მილიონ ლარამდე აქვს მიღებული.
2019 წელს შევსებულ დეკლარაციაში საკრებულოს დეპუტატმა ოჯახის წევრების გრაფიდან მამა საერთოდ გააქრო. მიზეზი ის მილიონობით ლარი გახდა, რომელიც გია კოპალეიშვილმა სახელმწიფო ტენდერების გზით მიიღო.
გია კოპალეიშვილმა ტენდერების მოგება 2014 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც ქუთაისის თვითმმართველობის არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. მაშინ მამასთან ერთად შპს "გი-ან" 2011-ში თავად ამირან კოპალეიშვილი ფინანსურ დირექტორად მუშაობდა. 2017 წელს ის "ქართული ოცნებიდან" საკრებულოს დეპუტატი გახდა. რის შემდეგაც შპს "გი-ან" 2011-ის მოგება რეკორდულად გაიზარდა. კომპანიამ 2018 -2019 წლებში რვა მილიონ 500 ათასი ლარის ტენდერი მოიგო, 2020 წელს ოთხი მილიონ 268 ათასი ლარის. ჯამში, მას შემდეგ, რაც ამირან კოპალეიშვილი საკრებულოს დეპუტატი გახდა მისი მამის კომპანიამ ბიუჯეტიდან 12 მილიონ 768 ათასი ლარის ტენდერი მიიღო.
კოპალეიშვილების ოჯახის კომპანია სამშენებლო საქმიანობის შესასრულებლად ტენდერებს მხოლოდ ქუთაისში არ იგებს. 2014 წლიდან დღემდე გია კოპალეიშვილს სახელმწიფო შესყიდვები სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისთვის მოგებული აქვს ბაღდათში, ვანში, ტყიბულსა და სამტრედიაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეგიონში კორუფციული სქემები უკვე ჩვეულ ამბად იქცა და აღარავის უკვირს.
თავად ამირან კოპალეიშვილი თავს უხერხულად არ გრძნობს. ამბობს, რომ ოჯახის დაარსებული შპს ბიზნესსაქმიანობას წლებია ეწევა და გამოცდილი კომპანიისთვის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერების მოგებაში განსაკუთრებულიც არაფერია.
ამირან კოპალეიშვილი დეკლარაციიდან მამის გაქრობის გამო მხოლოდ 1000 ლარით დაჯარიმდა, სამაგიეროდ, როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ფიქრობს, მან მილიონობით ლარის შემოსავალი წარმატებით დამალა. მათივე თქმით, კოპალეიშვილის ოჯახის შემთხვევა ერთადერთი არ არის, რეგიონებში ჩინოვნიკები ოჯახის წევრების ბიზნესის ლობირებას საერთოდ აღარ ერიდებიან.