"არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს!" - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.
ნედ პრაისი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც აპრილში რუსეთთან მიერთების საკითხზე "რეფერენდუმის" ჩატარებას გეგმავს.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის შეფასებით, რუსეთის მიმართ გზავნილი მკაფიოა - "მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესია მიუღებელია და ამას დასავლეთისგან მტკიცე პასუხი მოჰყვება".
"რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას. მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე. არც დე-ფაქტო ხელისუფლებას და არც რუსეთის მთავრობას არ აქვს უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები საქართველოს შემადგენლობაში შემავალი სამხრეთ ოსეთის მომავალზე, ისევე როგორც აშშ-მ არ აღიარა რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმში უკანონო შეჭრა და ანექსიის მცდელობა და ისევე, როგორც ჩვენ არ ვაღიარეთ კრემლის ცინიკური მცდელობა, რომ ეღიარებინა დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული რეგიონები. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - თქვა ნედ პრაისმა.
ასევე იხილეთ: