"ჩვენ განვიხილავთ რეგიონში ყველა შესაძლო სცენარს" - ნედ პრაისმა "მთავარი არხის" ვაშინგტონის ბიუროს კითხვებს უპასუხა

გამოქვეყნდა:

ხუთშაბათს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში მორიგი ბრიფინგი გაიმართა, რომელსაც უწყების პრესსპიკერი, ნედ პრაისი უძღვებოდა.

ბრიფინგზე კითხვები დასვა "მთავარი არხის" ვაშინგტონის ბიუროს კორესპონდენტმა, დემნა დევდარიანმა. ის დაინტერესდა, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ რა ინფორმაციას ფლობს სახელმწიფო დეპარტამენტი და თუ განიხილება შეერთებული შტატების მიერ რუსეთის მხრიდან რეგიონის ქვეყნების მიმართ პარალელური სცენარების განვითარების შესაძლებლობები.

შეკითხვის პასუხად, ნედ პრაისმა თქვა, რომ შეერთებული შტატები აქტიურად აკვირდება მოცემულ ვითარებას და განვითარების გეგმას ყველა შესაძლო სცენარისათვის ამუშავებს. 

"რაც შეეხება თქვენს შეკითხვას შეერთებული შტატების მხრიდან მზაობაზე, რუსეთის მიერ მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით არსებულ საშიშროებებთან მიმართებაში, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს ვითარების განვითარების, რადგან პრეზიდენტმა პუტინმა აჩვენა, რომ ის არის ადამიანი, რომელიც პატივს არ სცემს საზღვრებს, ვინც პატივს არ სცემს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს და ამიტომ ჩვენ ჩართულნი ვართ ყველა სცენარის განვითარებისთვის, მაგრამ ეს არ არის ის, რაზეც საჯაროდ ვისაუბრებ", - თქვა პრაისმა.

ჟურნალისტებმა ნედ პრაისს შეკითხვები ასევე დაუსვეს სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც ეხებოდა გაზაფხულზე რეფერენდუმის ჩატარებასა და რუსეთთან ოფიციალურად მიერთებას. 

"პრეზიდენტ პუტინის უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან ნათლად ჩანს, რომ მას აქვს რუსეთის შესახებ ხედვა, რომელიც სცდება მის ამჟამინდელ საზღვრებს. ასევე ძალიან ნათელია ჩვენი პასუხი უკრაინაში მოსკოვის მიერ წინასწარ განზრახულ, დაუსაბუთებელ და არაპროვოცირებულ შეჭრაზე, ეს არის ის, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაუჭერს მხარს. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი იმყოფებოდა მოლდოვაში სულ რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ ჩვენი მხარდაჭერა მოლდოვის მთავრობისადმი, მოლდოვის ხალხისადმი, მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის. იგივე ითქმის საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველოს მოსახლეობას ჯერ ისევ ცხადად აქვს მოგონებები რუსული აგრესიის შესახებ და ძალიან კარგად ახსოვს რუსული პროვოკაციები, მათ შორის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების იმ პროვოკაციების შესახებ, რომლებზეც ცოტა ხნის წინ საუბრობდით. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნების გვერდში დგომას. ჩვენ გავაგრძელებთ მოსკოვისთვის ძალიან მკაფიო სიგნალის გაგზავნას, რომ მისი მეზობლების წინააღმდეგ აგრესია მიუღებელია და ამას ძლიერი პასუხი მოჰყვება", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი