"2008 წლის ვეტერანი ვარ, მახსოვს არამზადა რუსები როგორ გვიტევდნენ" - ოკუპანტები გატაცებული ლევან მაჩაბელის ვიდეოს ავრცელებენ

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტების მიერ გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან უკანონოდ დაკავებული ყოფილი სამხედროს, ლევან მაჩაბელის მდგომარეობა ამ დრომდე უცნობია. იგი სავარაუდოდ, ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.

მაჩაბელს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას ედავებიან. მარიონეტული რეჟიმი მას დივერსიის მცდელობაშიც ადანაშაულებს.

საოკუპაციო რეჟიმმა ლევან მაჩაბელის ვიდეო გაავრცელა, თუმცა როდის ან სად არის ეს ჩანაწერი გაკეთებული, უცნობია.

"ბავშვებს როგორ კლავთ თქვე უნამუსოებო! მე 2008 წლის ვეტერანი ვარ. მახსოვს დღეები, ეს არამზადა რუსები როგორ გვიტევდნენ. ისიც მახსოვს, თქვენი ბიჭები, უკრაინელები ჩემ გვერდით რომ იდგნენ. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს უკრაინას", - ამბობს ვიდეოში ლევან მაჩაბელი.

ოჯახმა მომხდარის დეტალები არ იცის.

"ორი დღე გათიშული ჰქონდა ტელეფონი და ვერ ვუკავშირდებოდით. მერე უსაფრთხოების სამსახურიდან დაგვირეკეს და შეგვატყობინეს, რომ რუსებს ჰყავდათ დაკავებული. როგორ დააკავეს ან სად, ამის შესახებ არაფერი ვიცი. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. როგორც ვიცი, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მინდა მივმართო წითელ ჯვარს და ვისაც ეხება, დაგვეხმარონ ჩემი მეუღლის დაბრუნებაში", - ამბობს ლევან მაჩაბელის მეუღლე.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი