
"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი პარტიის გადაწყვეტილებას საარჩევნო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერასთან დაკავშრებით, "ფეისბუქის" პირად გვერდზე განმარტავს.
გიგი უგულავა წერს, რომ რვა მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს, შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და გათავისუფლდეს "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" რურუას საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვამდე არ გაათავისუფლებს, პარტია კანონპროექტს მხარს აღარ დაუჭერს და არც განხილვებში მიიღებს მონაწილეობას.
"საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩვენი პოზიცია ასეთია: 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს, ანუ ცვლილებები უნდა მიიღოს პარლამენტმა და გათავისუფლდეს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა. ჩვენ ჭადრაკის დაფა ოცნებას შევუტრიალეთ, ხვალ მხოლოდ პირველი მოსმენის კენჭისყრაში მივიღებთ მონაწილეობას და დაველოდებით, თუ გიორგი არ გათავისუფლდა, მეორე და მესამე მოსმენას არ დავუჭერთ მხარს. კანონის მიხედვით, თუ პირველი მოსმენით ჩავარდა კანონპროექტი, ნიშნავს, რომ საბოლოოდ ვარდება, როგორც შარშან ნოემბერში. ხოლო მეორე მესამე მოსმენით ჩაგდებული პროექტი პარლამენტში რჩება და გიორგის გათავისუფლების შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია ნებისმიერ დროს უყაროს კენჭი.
მოკლედ,
ა. ივანიშვილი ვეღარ ჩააგდებს ცვლილებას ისე, რომ ოპოზიციას გადააბრალოს;
ბ. ოცნებას კიდევ ეძლევა დრო გიორგის გათავისუფლებისთვის.
ასე რომ ოცნებავ, თუ თავში ჭკუა გაქვთ და ოდნავ მაინც გადარდებთ ქვეყნის ბედი, გამოიჩინეთ გონიერება თუ ასეთი კიდევ შეგრჩათ.
#თავისუფლებაგიორგირურუას
#მეტიპროპორციული✌️ " - წერს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ "ევროპულმა საქართველომ" მიიღო გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს.
საკონსტიტუციო ცვლილებები განხილვის ბოლო ეტაპზეა - პლენარული სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა ჩატარდება, ხვალ არის ჩანიშნული.