
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ წინასწარი მონაცემებით ხვალინდელ არჩევნებს ბათუმში იგებენ. მისი განცხადებით, ენმ-მ ეს იცის და ქალაქში "ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები" მიავლინა, რომელთა "პოლიტიკურ შოუებსაც" სავარაუდოდ, ხვალ ვნახავთ.
"ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენ კანდიდატს აქვს დიდი უპირატესობა ომის პარტიის, ანუ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთან შედარებით, კერძოდ, წინასწარი მონაცემების მიხედვით, ჩვენი კანდიდატი საარჩევნო ოლქში, სადაც დაახლოებით, 10 000 ამომრჩეველი იღებს ხოლმე არჩევნებში მონაწილეობას, რამაზ ჯინჭარაძე სულ მცირე ათასი ხმით იგებს არჩევნებს. ბუნებრივია, წინასაარჩევნო მონაცემები ნაციონალურ მოძრაობასაც აქვს და მათაც იციან, რომ არჩევნები მათი კანდიდატის მარცხით დამთავრდება. როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო მათ გადაწყვიტეს ამ არჩევნებზეც ნაცად ხერხს მიმართონ და მის მშვიდ გარემოში ჩატარებას მაქსიმალური სირთულეები შეუქმნან. ამაზე მიანიშნებს მათ მიერ გასული დღეების განმავლობაში სიებთან დაკავშირებით შექმნილი ყალბი აჟიოტაჟი და თუნდაც ის ფაქტი, რომ მათ ბათუმში მიავლინეს ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები, რომელთა პოლიტიკურ შოუებსაც ხვალ სავარაუდოდ ტელეეკრანებიდან ვიხილავთ", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
ის ენმ-ს მოუწოდებს ხელი არ შეუშალოს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას, ასევე სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, დარღვევებს კანონის სრული სიმკაცრით გასცენ პასუხი.
ცნობისთვის, ბათუმში ხვალინდელმა არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს საკრებულო ოპოზიციური იქნება თუ არა. ოპოზიცია მხარს უჭერს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ, მათე ფუტკარაძეს, რომელიც წინა მაჟორიტარის, ნუგზარ ფუტკარაძის შვილია. არჩევნები ამ ოლქში სწორედ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო ტარდება, რაშიც ოპოზიცია "ოცნებას" ადანაშაულებს.
იხილეთ ასევე: