
ბათუმში, შუალედურ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ოპოზიცია დაშინებაზე, შანტაჟზე და უფლებების დარღვევაზე კიდევ ერთ ბრიფინგს მართავს. ენმ-ს წევრი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ "ოცნებამ" ოლქში ადამიანები გადმოწერა, სუს-ს კი ამომრჩევლებზე თვალთვალისთვის იყენებს.
"ამ არჩევნებში დაშინების, შანტაჟის, მოსყიდვის პარალელურად რაღაც სიახლეები შემოგვთავაზა და როცა მიხვდა, რომ ნუგზარ ფუტკარაძის ოლქში ვერ შეძლებდა საჭირო რაოდენობის ამომრჩევლის ყიდვას, ადგა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან გადმოწერა ამ ოლქში ადამიანები, ამ ყველაფრის გარდა, ახლაც, ამ წუთებშიც, მათ შორის გადმოწერილი ადამიანების თვალთვალი გრძელდება და სუს-ის მანქანები სხვადასხვა ეზოში არიან გაშლილები და ზეწოლას ახდენენ ამომრჩეველზე. ეს არ უშველის "ქართულ ოცნებას", ამის მიუხედავად, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ არჩევნებში ღირსება გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს მათე ფუტკარაძე და გააგრძელებს ნუგზარ ფუტკარაძის გზას, იმ ადამიანის გზას, რომელმაც 100 000 დოლარს რამდენი 0-იც არ უნდა დაუმატო, არ იცვლება ღირსებაზე და კაცობაზე", - თქვა გიორგი კირთაძემ.
მან ყველას მოუწოდა მაღალი აქტივობისკენ და არჩევანის თამამად გაკეთებისკენ. ხვალ, შუალედურ არჩევნებზე გაირკვევა დარჩება თუ არა ქალაქის საკრებულო ოპოზიციური.