
მძღოლს, რომელიც შარტავაზე 8 წლის ბავშვს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა ბრალდებულმა საგზაო მოძრაობის წესების დაცვა ვერ უზრუნველყო, გადააჭარბა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალურ სიჩქარეს და მეორე სამოძრაო ზოლიდან პირველ სამოძრაო ზოლში გადავიდა, რა დროსაც მოძრავ ავტომობილს დაეჯახა. შეჯახების შედეგად მან საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, ავარდა ტროტუარზე და დაეჯახა ქვეით არასრულწლოვანს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 19 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.
მძღოლს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია), წარედგინა, რაც ჯარიმით ან 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ცნობისთვის, მოზარდს თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ტროტუარზე ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა სკოლის მოპირდაპირე მხარეს მოხდა. ადგილობრივების თქმით, ამ ადგილზე მსგავსი შემთხვევები ხშირია და მერია უსაფრთხოებისთვის საგზაო ინფრასტრუქტურას არ აწესრიგებს.
ამავე თემაზე: