
მე რომ ახლა დეპუტატი ვიყო, არ დავფიქრდებოდი და მხარს დავუჭერდი საკონსტიტუციო ცვლილებებს, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია "ევროპული საქართველოს" წევრების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს.
როგორც მელიამ გადაცემაში "დღის სტუმარი" განაცხადა, დღეს "ქართული ოცნება" ეძებს გამოსავალს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ მიიღოს და ინიციატივის ჩავარდნის საფრთხე დღეს რეალურად არსებობს.
მემგონი ბავშვიც ხვდება, ვინც არის დაინტერესებული პოლიტიკური პროცესებით, ეძებს გამოსავალს, რომ ჩააგდოს და ისე ჩააგდოს, რომ მას არ დაბრალდეს ეს და ბრალეულობა ოპოზიციურ პარტიებსაც გადაუნაწილოს. 120/30 პროპორციით საარჩევნო სისტემა ბიძნა ივანიშვილს გარანტირებულ მარცხს უქადის. ბუნებრივია ის ახლა ცდილობს, რაიმე სახით შემოატრიალოს ვითარება, ოღონდ ისე რომ მას არ დაბრალდეს. მე პირადად ყველაფერს გავაკეთებდი და გავაკეთებ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ მიიღოს ის, რაც უნდა, - ამბობს მელია.
შეგახსენებთ, რომ "ევროპულმა საქართველომ" მიიღო გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს.
პარტიაში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს მხოლოდ პირველი მოსმენით დაუჭერენ, მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ პროცესში კი მონაწილეობას პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებამდე არ მიიღებენ.
საკონსტიტუციო ცვლილებები განხილვის ბოლო ეტაპზეა - პლენარული სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა ჩატარდება, ხვალ არის ჩანიშნული.