ბათუმში, 23-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი დაგვიანებით დაიწყო, რასაც ხმაური მოჰყვა.
პრობლემა ჰქონდა ვერიფიკაციის აპარატს, რის გამოც ამომრჩეველთა სიის ამობეჭდვა ვერ ხერხდებოდა.
როგორც ცესკო-ს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა აღნიშნა, პრობლემა ამ დროისთვის აღმოფხვრილია და ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ასეთი პრობლემა დაფიქსირდა 76-ე საარჩევნო უბანზეც და ხარვეზი იქაც აღმოფხვრილია.
"23-ე საარჩევნო უბანზე პრობლემა აღმოფხვრილია. იქ პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს. ჩანაცვლდა ვერიფიკაციის აპარატი ალტერნატიული აპარატით. ზოგადად ჩვენ ვაკვირდებით, როგორ წავა პროცესი და როგორ მიიღებს ამას ამომრჩეველი. პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, არცერთ უბანზე შეფერხება არ არის და როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ამომრჩევლები ძალიან მარტივად ახერხებენ პროცესის გავლას. კიდევ ერთ, 76-ე უბანზე იყო მსგავსი ხარვეზი ვერიფიკაციის აპარატთან დაკავშირებით. პრობლემა უკვე მოგვარებულია და მიმდინარეობს მშვიდ გარემოში პროცესი", - განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ორ მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობაზე 2 კანდიდატი იყრის კენჭს - მათე ფუტკარაძე "ნაციონალური მოძრაობიდან" და რამაზ ჯინჭარაძე "ქართული ოცნებიდან".