რაც შეიძლება მეტი ჰესის აშენება, ტურისტული სექტორისთვის გადასახადების ჩამოწერა - რაზე ილაპარაკა ღარიბაშვილმა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა დღეს მორიგი მთავრობის სხდომა გამართა, სადაც ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ტრაგედია არ უხსენებია და  ეკონომიკის "სწრაფი ტემპებით აღდგენაზე" ილაპარაკა.
 
მისი აზრით, საჭიროა ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა:

"მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში. იქნება ეს მცირე, საშუალო თუ დიდი ჰესები ამის თაობაზე მე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს მივეცი დავალება. რამდენიმე დღეში შევიმუშავებთ და წარმოვადგენთ მოდელს", - თქვა ღარიბაშვილმა. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ტურისტულ სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადს ჩამოაწერს. ღარიბაშვილმა თქვა, რომ კორონავირუსის გამო ყველაზე მეტად ეს სექტორი დაზარალდა.

მისივე განცხადებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის ფარგლებში უკვე მობილიზებულია 20 ათასამდე ვაკანსია, 15 000-ზე მეტი აპლიკაცია შესულია სოციალურად დაუცველებისგან, 3 000 უკვე დაკონტრაქტებულია.

 "პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა დაიწყო. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გაცხადებული მიზანია ათიათასობით ახალი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილის შექმნა. მინისტრი აზარაშვილი აქტიურად ჩაერთო ამ მიმართულებით და დღეის მდგომარეობით უკვე დარეგისტრირებულია 20 000 საზოგადოებრივი სამუშაო ვაკანსია", - თქვა ღარიბაშვილმა.

ის ეპიდვითარებასაც შეეხო და თქვა, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა, მისი თქმით, ზურაბ აზარაშვილი ძალიან ეფექტურად ჩაერთო საქმიანობაში და წარმატებით უძღვება სამინისტროს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი