დააკავეს ექთანი, რომელმაც პირს 150 ლარის სანაცვლოდ Pfizer-ით აცრის ყალბი ბარათი დაუმზადა

გამოქვეყნდა:

ქვემო ქართლში ჯგუფურად კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექთანმა, რომელიც თავისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ახდენდა მოქალაქეთა კოვიდ-ვაქცინაციას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, მოქალაქეს გამოართვა 150 ლარი, რის სანაცვლოდაც, აცრის შესაბამისი პროცედურის განხორციელების გარეშე, დაამზადა COVID-19 აცრის ყალბი ბარათი, თითქოსდა მოქალაქე აცრილ იქნა Pfizer-ის ვაქცინით.

ამავდროულად, ბრალდებულებმა, აღნიშნული ყალბი ბარათის საფუძველზე, მოქალაქე დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ბაზაში, როგორც ვაქცინირებული პირი",- ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი