
პროკურატურის განცხადებით, თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯ.ც. მეუღლის მიმართ განხორციელებულ სისტემატურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, მან არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ორსულ მეუღლეს რამდენჯერმე სასტიკად სცემა და სხვადასხვა ფორმით დაამცირა.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაზარლებულს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდა. უწყების ცნობით, ბრალდებულის მიმართ წარსულში ორჯერ იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი.
ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვნის თანდასწრებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია) და 126 პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორსული ქალის მიმართ ოჯახის წევრის მიერ განხორცილებული ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა).
ბრალდებულს სასჯელის სახედ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.