
"რუსული აგრესია, რომლის მომსწრენიც ვართ, დღეს სიახლე არ გახლავთ. ეს ყოველივე აშკარა გახდა მსოფლიოსთვის, როდესაც ვლადიმერ პუტინმა უბრძანა თავის შეიარაღებულ ძალებს, შეჭრილიყვნენ სუვერენულ საქართველოში 2008 წელს", - თქვა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების მხარდამჭერი აქტი დაამტკიცეს.
კონგრესმენის თქმით, მიღებული აქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი.
"იმ ომის დროს ჩვენმა ქართველმა მოკავშირეებმა დაკარგეს სიცოცხლე, შესწირეს ჯანმრთელობა და დაკარგეს ტერიტორიები. ახლა, როდესაც პუტინის წამგებიანი კამპანია ჯერ კიდევ გრძელდება უკრაინაში, მე ვშიშობ არის საფრთხე, რომ ის მოტრიალდეს აღმოსავლეთით, რათა სახე შეინარჩუნოს. აღნიშნული კანონპროექტი ორჯერ იქნა დამტკიცებული წარმომადგენელთა პალატაში და მას ჰქონდა მტკიცე და საკმაოდ დიდი ორპარტიული მხარდაჭერა. დღეს ეს აქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი, რაც გამოიხატება მზარდ მხარდაჭერაში უსაფრთხოების მიმართულებით", - ამბობს ადამ კინზინგერი.
ცნობისთვის, იმისთვის, რომ დოკუმენტი კანონად იქცეს, ის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე უნდა დაამტკიცონ, რის შემდგომაც, კანონპროექტი გადაეგზავნება აშშ-ის სენატს მისი შემდგომი დამტკიცების მიზნით.
იხილეთ ასევე:
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა