ვინ არიან პუტინის ქალიშვილები? რა ვიცით მისი ოჯახის შესახებ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC
პუტინი ყოველთვის ფრთხილია, როდესაც საქმე ეხება მის ოჯახს - წერს გამოცემა და იხსენებს 2015 წელს, როდესაც ერთ-ერთ მარათონულ პრესკონფერენციაზე, მან თავი აარიდა კითხვებს მისი ქალიშვილის ვინაობის შესახებ.
„ჩემი ქალიშვილები რუსეთში ცხოვრობენ და მხოლოდ რუსეთში სწავლობდნენ, ვამაყობ მათით. ისინი თავისუფლად საუბრობენ სამ უცხო ენაზე. მე არასოდეს არავისთან ვესაუბრები ჩემს ოჯახს"- თქვა პუტინმა მაშინ.
პუტინის ოჯახის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უკრაინაში ომის საპასუხოდ, აშშ-მ სანქციების მორიგი პაკეტი გამოსცა, სადაც 36 წლის მარია ვორონცოვა და 35 წლის კატერინა ტიხონოვაც მოხვდნენ. [პუტინის შვილები]
„ჩვენ გვჯერა, რომ პუტინის ქონების დიდი ნაწილი ოჯახის წევრებთან არის დამალული და სწორედ ამიტომ ვუმიზნებთ მათ“, - თქვა ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ცოტა რამ არის დადასტურებული პუტინის ოჯახური ცხოვრების შესახებ, დოკუმენტებით, მედია ანგარიშებითა და დროდადრო გაკეთებული საჯარო განცხადებებით, საკმარისია მისი პორტრეტის შესაქმნელად - წერს BBC.
"ისინი პრეზიდენტ პუტინისა და მისი ყოფილი მეუღლის ლუდმილას ქალიშვილი არიან. წყვილი 1983 წელს დაქორწინდა, როდესაც ის [ლუდმილა] ბორტგამცილებელი იყო, ის [პუტინი] კი კგბ-ს ოფიცერი. მათი ქორწინება 30 წელი გაგრძელდა.
2013 წელს ისინი დაშორდნენ. პუტინმა თქვა: „ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება: ჩვენ თითქმის არ ვხედავთ ერთმანეთს, თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი ცხოვრება“.
პუტინების უფროსი შვილი, მარია ვორონცოვა, დაიბადა 1985 წელს. სწავლობდა ბიოლოგიას სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში და მედიცინას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ვორონცოვა ახლა აკადემიკოსია, ენდოკრინული სისტემის სპეციალობით. ავტორია წიგნის, ბავშვებში შეფერხებული ზრდის შესახებ. ის ასევე არის ბიზნესმენი და იმ კომპანიის თანამფლობელი, რომელიც მასიური სამედიცინო ცენტრის აშენებას გეგმავს.
ვორონცოვა დაქორწინებული იყო ჰოლანდიელ ბიზნესმენზე, ჟორიტ იოსტ ფაასენზე, რომელიც "გაზპრომის" თანამშრომელი იყო. გამოცემის ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
პუტინის მეორე შვილი - კატერინა ტიხონოვა დისგან განსხვავებით, უფრო ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებაში, როგორც როკ-ენ-როლის მოცეკვავე. ის 2013 წელს, ერთ-ერთ საერთაშორისო ღონისძიებაზეც მონაწილეობდა და მეწყვილესთან ერთად, მეხუთე ადგილზე გავიდა.
იმავე წელს იგი დაქორწინდა კირილ შამალოვზე, პუტინის დიდი ხნის მეგობრის შვილზე. მათი ქორწილი სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე სათხილამურო კურორტზე გაიმართა.
შამალოვს აშშ-მა სანქცია 2018 წელს დაუწესა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში მისი როლისთვის. აშშ-ს ხაზინამ განაცხადა, რომ "მისი ქონება მკვეთრად გაუმჯობესდა ქორწინების შემდეგ". მას შემდეგ წყვილი დაშორდა.
BBC-ის ინფორმაციით, ტიხონოვა ახლა აკადემიასა და ბიზნესშია. იგი 2018 წელს გამოჩნდა რუსულ სახელმწიფო მედიაში და ისაუბრა ნეიროტექნოლოგიაზე, ასევე ბიზნეს ფორუმზე 2021 წელს. არც ერთ შემთხვევაში არ იყო ნახსენები მისი ურთიერთობა პრეზიდენტთან.
ამბობენ, რომ არც ერთი შვილი დიდ დროს ატარებს პრეზიდენტ პუტინთან - წერს BBC.
პუტინს შვილიშვილებიც ჰყავს. მან ისინი 2017 წელს ახსნა, მაგრამ არ უთქვამს რამდენი ჰყავდა, ან რომელი შვილისგან.