აღმოსავლეთ უკრაინისთვის ბრძოლა იქნება "დანებით ბრძოლა", რადგან ორივე მხარე იცნობს რელიეფს, დასახლებების ცენტრებს და მისასვლელ მარშრუტებს - ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღმოსავლეთ რეგიონი ბრძოლის მთავარი ეპიცენტრი ხდება მას შედეგ, რაც ვლადიმერ პუტინის მცდელობა, აეღო უკრაინის დედაქალაქი კიევი, წარუმატებლად დასრულდა.
აშშ-ის მაღალჩინოსანი ამბობს, რუსები შენაერთებს დონბასისთვის საბრძოლველად ამზადებენ. მისივე თქმით, რუსულმა ქვედანაყოფებმა, რომლებიც უტევდნენ კიევს, უკან დაიხიეს და ბელორუსსა და დასავლეთ რუსეთში განლაგდნენ. ქვედანაყოფები მიემართებიან რუსეთის ქალაქების ბელგოროდისა და ვალუიკისკენ, რომლებიც მდებარეობს უკრაინის საზღვართან და დონბასის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილთან.
"ზოგიერთი ქვედანაყოფი, რომლებიც თავს დაესხნენ კიევს, სასტიკად გაანადგურეს, ბევრი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი განიცდიდა პერსონალისა და აღჭურვილობის შემცირებას 30%-ით, ხოლო სხვები კიდევ უფრო დაზარალდნენ. ჩვენ ვნახეთ მინიშნებები ზოგიერთი შენაერთის შესახებ, რომლებიც ფაქტობრივად სრულიად განადგურდა. ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფისგან უბრალოდ არაფერია დარჩენილი, გარდა რამდენიმე ჯარისა და შესაძლოა, მცირე რაოდენობის მანქანებისა", - თქვა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მანვე აღნიშნა, რომ რუსული დანაყოფების განახლებას გარკვეული დრო დასჭირდება და შესაბამისად, ისინი აღმოსავლეთ რეგიონში დიდი სისწრაფით გაძლიერებას ვერ შეძლებენ, თუმცა მისივე თქმით, რუსებს ბევრი ცოცხალი ძალა ჰყავთ.
"მაისში წვევამდელების შემდეგი კლასის გაწვევა მოხდება. ასევე, ჩინოვნიკებს აქვთ მინიშნებები, რომ რუსებმა რეზერვისტების მობილიზება დაიწყეს. არსებობს გარკვეული მინიშნებები, რომ აპირებენ 60,000-ზე მეტი ჯარისკაცის დაქირავებას ამ მობილიზაციის ფაზაში", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პირველად განაცხადა საჯაროდ, რომ აშშ უკრაინულ ძალებს აწვდის დაზვერვას დონბასის რეგიონში ოპერაციების ჩასატარებლად.
იხილეთ ასევე: