ენმ-ს დროს ერთი ჯგუფის ხელში იყო მონოპოლიზებული ნავთობის იმპორტი - ღარიბაშვილის თქმით, მოლოდინია, რომ საწვავზე ფასი შემცირდება

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საწვავის ფასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ არსებობს მოლოდინი, რომ მალე ფასები შემცირდება.

ღარიბაშვილის თქმით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა დაიწია, ხოლო ლარი დოლართან გამყარებულია.

"მაქვს მოლოდინი, ძვირფასო მეგობრებო და ძვირფასო საწვავის იმპორტიორებო, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენთ საწვავის ფასების კორექტირებას. ვიცი, რომ არსებობს ამის თაობაზე მოლოდინი, რომ ძალიან მალე საწვავზე ფასებიც შემცირდება საქართველოში და რაც მალე დაიწყება ეს პროცესი, უკეთესი იქნება. ვიცი, რომ დაიწყეს სხვა ჯგუფებმა შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანაც. ჩვენ აქაც უნდა გავხსნათ პროცესი, როგორც მედიკამენტების შემთხვევაში გავაკეთეთ, ყველას უნდა მიეცეს საშუალება, შემოიტანოს ნავთობი და საწვავი, რათა მეტი არჩევანის საშუალება ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს", - თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა საწვავის ფასებზე საუბრისას კიდევ ერთხელ გაიხსენა წინა ხელისუფლება და თქვა, რომ მაშინ ერთი ჯგუფის ხელში იყო მონოპოლიზებული ნავთობის იმპორტი.

"გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლების დროს, სახელს და გვარს არ დავასახელებ, ვის დროს, პრაქტიკულად რამდენიმე ჯგუფი არსებობდა ბაზარზე, ერთი ჯგუფის ხელში იყო მონოპოლიზებული და ისინი კარნახობდნენ, იძლეოდნენ დირექტივებს ყველა იმპორტიორის მიმართ. ეს იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის კეზერაშვილის და სააკაშვილის ხელში. მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, მინდა ყველას შევახსენო, რომ რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია, რამდენიმე ათეული შემომტანი გაჩნდა ბაზარზე. ჩამოყალიბდნენ მსხვილი ჯგუფებიც, იმიტომ, რომ რის თავისუფალი კონკურენცია ბაზარზე და სახელმწიფო უხეშად, ზედმეტად არ ერევა ფასების რეგულირებაში და ა.შ.", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, თუ რამე რადიკალური ცვლილება არ განხორციელდა მსოფლიო ბაზარზე, ძალიან მალე საწვავზე ფასებიც შემცირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი