
რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე “ნეტგაზეთის” რუსული ვერსიის ვებგვერდი დაბლოკეს.
როგორც გამოცემაში აცხადებენ, აღნიშნულს წინ უძღოდა რუსეთის გენერალური პროკურატურის შესაბამისი მოთხოვნა ნეტგაზეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მომზადებული ერთ-ერთი მასალის გამო. რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებლის, როსკომნადზორს გაფრთხილების მიუხედავად, ნეტგაზეთმა არ წაშალა ხსენებული მასალა.
“როსკომნადზორის” ვებგვერდზე, იმ საიტების საძიებო რეესტრში, რომლებზეც რუსეთში წვდომა შეზღუდულია, ru.netgazeti.ge უკვე იძებნება. იქვე მითითებულია, რომ დაბლოკილი ვევბგვერდების “რეესტრში ინტერნეტ საიტის არსებობა საერთოდაც არ ნიშნავს მასზე წვდომის სრულ შეზღუდვას, რადგან წვდომა შეიძლება შემოიფარგლოს “ინტერნეტში” საიტის ცალკეული გვერდით”.
საუბარია "ნეტგაზეთის" ჟურნალისტის, ზურაბ მენაღარიშვილის მიერ 16 მარტს მომზადებულ მასალაზე, რომელიც თავდაპირველად ქართულენოვანი გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სათაურით - "უკრაინის განცხადებით, ბრძოლაში მოკლეს მე-4 რუსი გენერალი".
იმავე დღეს მასალა რუსულადაც ითარგმნა და "ნეტგაზეთის" რუსულენოვანი გამოცემის ვებსაიტზე განთავსდა. სიახლის სათაურია "Война в Украине: Киев сообщил о гибели четвертого российского генерала" (“ომი უკრაინაში: კიევი მეოთხე რუსი გენერლის გარდაცვალების შესახებ იუწყება”).