უკრაინასა და რუსეთ შორის დღეს ტყვეების კიდევ ერთი გაცვლა მოხდა. ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს.
"პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, დღეს მოხდა სამხედრო ტყვეების კიდევ ერთი, მეოთხე გაცვლა. გათავისუფლდა 5 ოფიცერი და 17 რიგითი", - დაწერა ვერეშჩუკმა Facebook-ზე.
ოკუპანტების ტყვეობისგან ასევე გათავისუფლებულია 8 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ქალი.
"დღეს სულ 30 ჩვენი მოქალაქე მიდის სახლში", - დასძინა ირინა ვერეშჩუკმა.
ტყვეების პირველი გაცვლა 24 მარტს მოხდა - უკრაინამ 10 ოკუპანტის სანაცვლოდ 10 სამხედრო დაიბრუნა. გარდა ამისა, რუსეთში დაბრუნდა 11 მშვიდობიანი მეზღვაური, რომლებიც ოდესასთან გემის ჩაძირვისას გადაარჩინეს. ამ გაცვლის ფარგლებში, სამშობლოში დაბრუნება შეძლო 19-მა უკრაინელმა მეზღვაურმაც. ისინი ოკუპანტებმა იმ დროს შეიპყრეს, როდესაც კუნძულ ზმეინიდან სამხედროების გაყვანას ცდილობდნენ.
1 აპრილს ცნობილი გახდა პატიმართა მეორე გაცვლის შესახებ: უკრაინამ მოახერხა 86 სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება, მათგან 15 ქალის.
მესამე გაცვლა 9 აპრილს მოხდა. შედეგად გათავისუფლდა 12 უკრაინელი სამხედრო და 14 მშვიდობიანი მოქალაქე.