
შემთხვევით, ხომ არ მომკლავდით? - ამ ლოზუნგით ხვალ, 20 აპრილს შსს-სთან საპროტესტო აქცია დაანონსდა. ორგანიზატორი გირჩი-მეტი თავისუფლებაა. გომელაურის უწყებასთან აქციის მონაწილეები 13.30 საათზე შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას:
"მონურ მორჩილებაში მყოფი საპოლიციო სისტემისა და არაადამიანური ნარკოპოლიტიკის სიმბიოზმა ადამიანი მოკლა.
მნიშვნელობა აქვს პოლიციელს "გაუვარდა" თუ განზრახ ისროლა?
რომ არა მხეცური ნარკოპოლიტიკა, ზურაბ გველესიანი ცოცხალი იქნებოდა.
რომ არა სისტემის უსაზღვრო მორჩილება, ზურაბ გველესიანი ცოცხალი იქნებოდა.
ვისაც გაწუხებთ, ვისაც შეგეხოთ და ვინც თვლით, რომ ეს სისტემა ყველას მტერია, ხვალ , 13:30 საათზე გელოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
დღეს გაჩუმება - პოტენციურ ტრაგედიებში თანამონაწილეობაა. " ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
შეგახსენებთ, 30 წლის ზურაბ გველესიანი პოლიციელის ტყვიას დაკავებისას ემსხვერპლა. ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცველებმა წყნეთში მისი დაკავება იმ დროს სცადეს, როდესაც გველესიანი "მიწაში რაღაცას ეძებდა":
"მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მამაკაცთან სწრაფად მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იყო დაკავებული. ახალგაზრდა მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, აღნიშნულზე პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა" - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
საპროტესტო აქცია ორთაჭალაში , გულუას 8-ში გაიმართება.