საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა, ოპოზიციის ბოიკოტისა და საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის - ამ წუთებში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან და პოლიტპატიმარ გიორგი რურუას მხარდამჭერ აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ახსენებენ 8 მარტის შეთანხმების მთავარ პუნქტს, რომლითაც მმართველ პარტიას პოლიტიკური ოპონეტების დევნაზე უარი უნდა ეთქვა.
აქციას ესწრებიან გიორგი რურუას მეგობრებიც. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა.
გიორგი რურუა დატოვეს უკანონო პატიმრობაში, ციხეში, დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ადამიანებს, რომ ყველა პუნქტი არის შესასრულებელი. როგორც საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს გიორგი რურუას პოლიტიპატიმრად, გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ იგი უნდა გათავისუფლდეს, - ამბობს აქციის მონაწილე რომეო ფარულავა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი დღევანდელი შეკრება სიმბოლურია, რადგან პარლამენტში ამჟამად საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. გიორგი რურუას მეგობრები ელოდებიან მესამე მოსმენასაც და თუ ამ პერიოდის განმავლობაში პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება, ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა უკვე ექვსი თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება.