"ოცნების" უჩვეულო მობილიზაცია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე

გამოქვეყნდა:

115 ხმით 3-ის წინააღმდეგ - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. "ქართული ოცნების" მიერ წინასწარ დაანონსებულ რაოდენობას მხოლოდ ერთი ხმა დააკლდა. ეს იყო ადა მარშანიას ხმა, რომელიც დღეს, სხდომის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა და პარლამენტში არ მივიდა.

ცვლილებების წინააღმდეგ მისცეს ხმა ბიძინა გეგიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ და კახა ოქრიაშვილმა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო სხდომათა დარბაზში მყოფმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ. 

"ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მეორე მოსმენას არ დასწრებიან, რადგან მათი მოთხოვნა გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ შესრულებულ არ იქნა.

მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ ოპოზიციის დღევანდელი ბოიკოტი იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმებიდან გავიდა.

ორი უმსხვილესი ოპოზიციური პარტია წარმომადგენელთა თქმით, ბრალდება, რაც მათი მიმართულებით ისმის, რომ 8 მარტის შეთანხმებიდან გავიდნენ, არასწორია, რადგან მმართველი გუნდის მიერ რურუას გათავისუფლების შემდეგ მესამე მოსმენით მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. 

მესამე მოსმენა წინ არის, ვიმეორებ, გაათავისუფლებენ გიორგი რურუას, მივიღებთ მონაწილეობას და კონსტიტუცია მიღებული იქნება საერთო პოლიტიკური კონსესუსით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მოუწევთ ამ ტვირთის ზიდვა არჩევნებამდე. მიუხედავად იმისა, რომ რურუა არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ის არის პოლიტიკური პატიმარი და პოლიტპატიმრის საარჩევნო პროცესში შესვლა, ძალიან დააზინებს "ქართულ ოცნებას", - ამბობს ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი რომან გოცირიძე. 

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის პასუხისმგებლობაც იყო, რომ მასაც შეესრულებინა შეთანხმების მისი წილი, თუმცა შეთანხმების ბოლომდე შესრულება მაინც ხელისუფლების ტვირთად რჩება. 

კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ამბობს, რომ მას "ქართული ოცნებსადმი" ნდობა ცვლებების მესამე მოსმენით მიღებამდე არ ექნება. 

დღეს ჩვენ დავინახეთ კიდევ ერთი რამ, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისი პირობა, რომელიც ოპოზიციური პარტიებთან ფარულ გარიგებაში ჰქონდა, არ შეასრულა, ამიტომ ასეთ სიტუაციაში, ვფიქრობ, ჩვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი პოზიცია იქნება ძალიან მტკიცე, - ამბობს ლევან კობერიძე.

ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ამჟამინდელ კენჭისყრებზე ნოემბრის მოვლენები არ განვითარდებოდა. 

ვინაიდან, ამ კანონპროექტში ჩადებულია ჩანაწერი, რომელიც განსაკუთრებულით ღირებული იყო "ოცნებისთვის", რომ 2024 წლამდე რამდენი არჩევნებიც უნდა არ ჩატარდეს რიგგარეშედ, ყველა უნდა ჩატარდეს არა სრული პროპორციული სისტემით, არამედ ამ სისტემით, - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი. 

შეგახსენებთ, რომ ცვლილებებს მმართველი პარტიის 92-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.     

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი