
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის ჩანაწერი ავთენტურიც რომ იყოს, კანონდარღვევას ვერ ხედავს. მისი აზრით, იქ "არაფერზეა საუბარი" და ცნობილია, რომ საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა გაწყვეტილი არ აქვს.
""პირველ რიგში, ავთენტურია თუ არა, ეს არავინ იცის, მეორე, რომც იყოს ავთენტური ბუნებრივია, არაფერზეა საუბარი, რომც დავუშვათ, რომ ეს არის ავთენტური, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე. თქვენ იცით, რომ საქართველოს აქვს ოფიციალურად დაფიქსირებული პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, კერძოდ საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, ანუ ხდება ექსპორტირება პროდუქტის, იმპორტირება, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოზიცია და ამაში არც კანონსაწინააღმდეგოა რამე, არც სხვა პრინციპებთან მოვდივართ წინააღმდეგობაში", - თქვა კობახიძემ.
კობახიძემ თქვა, რომ უკრაინაც ინარჩუნებს გარკვეულ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან, კერძოდ რუსეთიდან ხდება გაზის მიღება.
"ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის საუბრის ორი ჩანაწერი 25 აპრილს გავრცელდა. ჩანაწერში სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი ივანიშვილს ბიზნეს იდეით ურეკავს. ივანიშვილის პასუხებიდან კი იკვეთება, რომ თავადაც დაინტერესებულია ამ გარიგებით. ევტუშენკოვი კომპანია "სისტემას" მფლობელია, რომელიც სამხედრო დრონებს ამზადებს.