
ერთი მეგობარი მეორე მეგობარს გარკვეულ კონსულტაციაზე ურეკავს და ეს არის და ეს - ასე გაიგო "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი სანქცირებული "მეგობრის", ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერები, რომელიც გუშინ მედიაში გავრცელდა.
ზარქუა პრობლემას ვერც ოლიგარქების გარიგებებსა და სანქციების თავიდან არიდების მცდელობაში ხედავს.
"ჯერ ერთი, ეს უკანონო ჩანაწერები როდის უნდა დასრულდეს? ფაქტი ერთია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები უსმენენ თავიანთ ბიზნესმენებს თუ გარკვეულ წრეებს და შემდეგ ეს ჩანაწერები ხვდება რატომღაც ოპოზიციურ არხებზე. ადრეც გამოვთქვით საფუძვლიანი ეჭვი, მაგრამ ახლა საბოლოოდ დადასტურდა. იქ რაც მე ნაწილი მოვისმინე რამე ტრაგიკული არის? თუ ეს მართალია და არ არის დამონტაჟებული. საუბარი რაზეა? - ერთი მეგობარი მეორე მეგობარს გარკვეულ კონსულტაციაზე ურეკავს და ეს არის და ეს",- ამბობს ირაკლი ზარქუა.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის საუბრის ორი ჩანაწერი 25 აპრილს გავრცელდა. ჩანაწერში სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი ივანიშვილს ბიზნეს იდეით ურეკავს. ივანიშვილის პასუხებიდან კი იკვეთება, რომ თავადაც დაინტერესებულია ამ გარიგებით. ევტუშენკოვი კომპანია "სისტემას" მფლობელია, რომელიც სამხედრო დრონებს ამზადებს.