
"ლელოს" განცხადებით, ბათუმის პორტში სანქცირებული ნავთობი ჩამოიტანეს, რომელიც მოგვიანებით ყულევის ნავთობტერმინალში გადამისამართდა.
პარტიის წევრმა, საბა ბუაძემ აღნიშნა, რომ ნავთობი ირაკლი ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრებს, ჩხენკელებს გადააქვთ. მან ღარიბაშვილს მიმართა, განმარტება გააკეთოს, როგორ მოხდა სანქცირებული ნავთობი საქართველოში.
"ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები ყულევიდან სანქცირებულ ნავთობს ეზიდებიან, რომელიც სანქცირებული ჭაბურღილებიდანაა ამოღებული და მოპოვებულია იმ კომპანიების მეშვეობით, რომლებიც ყველა საერთაშორისო სანქციების ქვეშაა მოყოლილი", - თქვა ბუაძემ.
საკითხზე ისაუბრა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი კუპრაძემ:
"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ცხადი გახდა, რომ სანქცირებული ნავთობი ჩამოტანილი იყო ბათუმის პორტში, სადაც ყაზახურმა მენეჯმენტმა უარი განაცხადა სანქცირებული ნავთობის გადატანაზე. ეს იყო ფაქტობრივი მოცემულობა, რის გამოც უკვე შიდა პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე, სანქცირებული ნავთობი გადამისამართდა ყულევის ნავთობტერმინალში, საიდანაც, მოხდება სავარაუდოდ, მისი ტრანსპორტირება. "ქართული ოცნების" ეს დანაშაულებრივი პოლიტიკა პირდაპირ უქმნის საფრთხეს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს და მათ შორის, ჩვენ გვაყენებს სანქცირების რისკის ქვეშ, არა როგორც ცალკეულ პირებს ბიძინა ივანიშვილის სახით, [...] არამედ საქართველოს სახელმწიფო შეიძლება გახდეს სანქციების ადრესატი", - თქვა კუპრაძემ.
ცნობისთვის "ლელო" პარლამენტში პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით იბარებს. პარტია ამბობს, რომ მან პასუხები უნდა გასცეს ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის ჩანაწერებს.