
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დღეს თქვა, რომ მათ, ვინც მიხეილ სააკაშვილის რაიმე ფორმით გათავისუფლებას ითხოვს, "საქართველოში ომის გაჩაღება" სურთ.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, მმართველი გუნდის პოზიციები არადამაჯერებელი და დაუსაბუთებელია.
"ალბათ ასე უფრო უმარტივდებათ ოპონენტის მიმართ კრიტიკა, ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის მიმართ. თუმცა, ძალიან არადამაჯერებელი და დაუსაბუთებელია მათი პოზიციები. ხაზგასასმელია ალბათ ის, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ რაიმე საპირწონე არგუმენტი გუშინ ექსპერტების მიერ წარდგენილი დასკვნისა. ძირითადად ჩვენ ვხედავთ რაღაც პოლიტიკურ თავდასხმებს, აბსურდულ ბრალდებებს მაგრამ არცერთი კვალიფიციური კომპეტენტური არგუმენტი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა გუშინ წარმოდგენილ ექსპერტულ შეფასებას ჩვენ არ მოგვისმენია, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი არგუმენტები არ არსებობს", - აღნიშნა ომბუდსმენმა.
მანვე მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ თუ რეკომენდაციები არ შესრულდეს, მაღალია ალბათობა, რომ მესამე პრეზიდენტის მიმართ ხელისუფლების ქმედებები არაადამიანურ მოპყრობას გაუტოლდეს.
"ჩვენ დავინახეთ, რომ არათუ დასტაბილურდა მდგომარეობა, არამედ მკვეთრად გაუარესდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩატარებული მკურნალობა არ არის ეფექტიანი. შესაბამისად, გუშინაც გავაკეთე განცხადება, თუ მისი ჯანმრთელობის საჭიროებები დარჩა გაუთვალისწინებელი და არ იქნა დაკმაყოფილებული, რა თქმა უნდა, მაღალია ალბათობა, რომ ეს გაუტოლდეს არაადამიანურ მოპყრობას და სტრასბურგის სასამართლომ არაადამიანური მოპყრობის მუხლის დარღვევა დაადგინოს", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
ასევე იხილეთ: