
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების და კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელების შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აღნიშნა, საუბარი ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენებს შეეხო, თუმცა მთავარი თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.
მელიას თქმით, გერმანიის მთავრობა და გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციები აცნობიერებენ, რომ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, პოლიტიკური დევნა ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.
"გერმანიის მთავრობა, მისი არასამთავრობო ორგანიზაციები აცნობიერებენ, რომ იმ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც მთელი პოლიტიკური საერთაშორისო საზოგადოება დაუპირისპირდა ყველაზე ბოროტ ძალას მსოფლიოში პუტინის რუსეთის სახით, ამ დროს დამატებითი წყარო პრობლემებისა, რომელიც დემოკრატიული წესწყობილების მოსურნე ხალხს ექმნება პოლიტიკური დევნის სახით, არის რბილად რომ თქვათ, შემაფერხებელი ფაქტორი, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფო გავხდეთ ნაწილი ევროპული მომავლისა.
არ არსებობს არგუმენტი, რომლითაც ნებისმიერი ადამიანი, ვისთანაც შეხვედრა გვაქვს, გაამართლებს ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. არ არსებობს არგუმენტი, კლავდე ადამიანს ციხეში, ამის მტკიცებულებები არსებობდეს და ჯიუტად საუბრობდე, რომ ეს ადამიანი დიახაც, უნდა იყოს ტყვეობაში. ეს ადამიანი ვერ იქნება ტყვეობაში, ეს ადამიანი იქნება აუცილებლად გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ და რაც არ უნდა საუბრობდნენ ბატონი კობახიძე და სხვები, რომ მიხეილ სააკაშვილმა იქ 6-წლიანი სასჯელი უნდა მოიხადოს, ეს არის გამორიცხული. მათ აუცილებლად მოუწევთ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა", - თქვა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. მედიკოსების თქმით, თითოეული წუთი გადამწყვეტია. თუ მესამე პრეზიდენტს გადაუდებელ დახმარებას არ აღმოუჩენენ და მას მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ, შესაძლოა, წარუმატებელი მკურნალობა ფატალური შედეგით დასრულდეს.
ასევე იხილეთ: