
პანდემიის დროს, როდესაც მოსახლეობას ყველაზე მეტად უჭირდა, კახა კალაძემ ბიზნესმენების გაღებული პროდუქტები მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად 11-ლარიან პარკებში ჩააწყო.
პროდუქტების მისაღებად მერმა ძიუდოს აკადემიასთან დარბაზიც იქირავა და დახმარების განაწილებას ტრადიციული ლაივიც მიუძღვნა. კადრშიც კარგად ჩანს, რომ პროდუქტი ჩვეულებრივ, 50-თეთრიან პარკებშია განაწილებული. ამას ოფიციალურ დოკუმენტებშიც ვკითხულობთ. სარეზერვო ფონდიდან 28 ათასი ლარი მხოლოდ პოლიეთილენის პარკების შესაძენად გამოყო. ეს მარტის თვის სარეზერვო ფონდის ოფიციალური დოკუმენტია. ამავე თვეში მერიის ოფიცილურ საიტზე ვკითხულობთ:
ჩვენს დახმარებას მიიღებენ მარტოხელა მოხუცები, უკვე გვყავს 2 500-მდე ხანდაზმული მოქალაქე, რომლებიც ჩვენს დახმარებას მიიღებენ.
მარტივი არითმეტიკით, 28 ათასი ლარის 2500 ლარზე გაყოფისას შედეგი - 11 ლარი და 20 თეთრია.
ჩვენ ექსპერიმენტი ჩავატარეთ და იგივე პროდუქტები შევიძინეთ, რაც მერიამ მოხუცებს დაურიგა. დავინტერესდით, რა ღირებულების საჩუქარი ჩაატია თბილისის მერმა 11-ლარიან პოლიეთილენის პარკში.
აღმოჩნდა, რომ კალაძემ 11-ლარიან პარკში 33,40 ლარის ბურღულეული და 12,50 ლარის ჰიგიენური საშუალებები ჩაალაგა. 45,90 ლარის პროდუქცია 11-ლარიან პარკში ჩაეტიან და ცარიელი ადგილიც დარჩა.
პირველი კვარტლის სარეზერვო ფონდის ხარჯები "რადიო თავისუფლებამ" შეისწავლა. თბილისის მერმა დღეს ვერ გაიხსენა, რამდენი გადაიხადა მოხუცების დასახმარებლად პოლიეთილენის პარკებში, თუმცა კახი კალაძე ადასტურებს, რომ პროდუქტები ბიზნესმენებმა იყიდეს და მათ მხოლოდ შეფუთვა და დარიგება ევალებოდათ.
პოლიეთილენის პარკების გარდა მერიამ მარტოხელა მოხუცების პროდუქტებით უზრუნველსაყოფად “დამხმარე მუშახელის" დაქირავებაში სარეზერვო ბიუჯეტიდან 35 ათასი ლარი გადაიხადა. ცალკე თანხა იყო ძიუდოს დარბაზის ქირაობა. რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი დაიხარჯა პროდუქტის შეფუთვაში, ვიდრე სურსათში.