ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევა | 4 პირს ბრალი წარედგინა

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტი გამოავლინეს. 

შსს-ს ინფორმაციით, ბრალი 4 ადამიანს წარუდგინეს.  2 დაკავებულია, ერთს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ერთს კი - პენიტენციურ დაწესებულებაში. 

"1978 წელს დაბადებული ვ.გ. „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, 1965 წელს დაბადებული კ.თ. კი „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით დააკავეს.

1967 წელს დაბადებულ მ.მ.-ს (მეტსახელად "ყურშა") „კანონიერი ქურდობისთვის“ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. რაც შეეხება 1985 წელს დაბადებულ ო.ს.-ს, მას „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ ​ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ კ.თ.-ს და მის ნაცნობს შორის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოიშვა ქონებრივი დავა. აღნიშნული დავის მოგვარებაში ჩაერთნენ კრიმინალური ავტორიტეტები - ო.ს. და ვ.გ., რომლებიც დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ - მ.მ.-ს (მეტსახელად „ყურშა") და ზ.მ.-ს (მეტსახელად „გლეხოვიჩი“).

„კანონიერმა ქურდებმა“ თურქეთის რესპუბლიკაში მოდავე მხარეებთან ერთად მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფინანსური დავის საგანი - მიწის ნაკვეთი უნდა გაყიდულიყო, მთლიანი თანხა უნდა გადარიცხულიყო „კანონიერ ქურდებთან“, რომლებიც მოგვიანებით გადაწყვეტდნენ თანხის განაწილების საკითხს.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების კუთვნილი მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ",- ნათქვამია განცხადებაში. 

„კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, ასევე, 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი