გიორგი რურუა არასდროს ყოფილა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში - შესაბამისი დოკუმენტი დღეს "მთავარი არხის" ერთერთი დამფუძნებლის ადვოკატებმა წარმოადგინეს. მათი თქმით, ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები რურუას თითქოსდა კრიმინალური წარსულის შესახებ ბინძური ჭორაობა და პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა.
ადვოკატებმა სამარცხვინო ნაბიჯად შეაფასეს ოცნების დეპუტატის, კახა კუჭავას მიერ ევროპარლამენტისთვის გაგზავნილი წერილიც, სადაც რურუა დაუსაბუთებლად არის გამოცხადებული დამნაშავედ და კრიმინალად. განცხადებები რურუას ინტერესების დამცველებმა პროცესის დაწყებამდე გააკეთეს.
ადვოკატებმა წარმოადგინეს სამართალდამცავი ორგანოებიდან გამოთხოვილი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი რურუა არასდროს ყოფილა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. უფლებადამცველების მეორე წარმოდგენილი დოკუმენტი კი იყო რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის წერილი ევროპარლამენტარებისადმი, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგი რურუას წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამოძიებები და ისინი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეწყდა. წერილში ასევე საუბარია "მთავარი არხის" წილებზე, რაც, როგორც ადვოკატები ამბობენ, ასევე მცდარი ინფორმაციაა.
გიორგი რურუას დღევანდელი პროცესი გაგრძელდება პოლიციელების დაკითხვით, რომლებიც 3 იანვარს მის საკანში იმყოფებოდნენ და ძალის გამოყენებით შეეცადნენ მისგან დნმ-ის ნიმუშის აღებას, ხოლო პატიმრის წინააღმდეგობის შემდეგ წაიღეს მისი ნივთები, რომლებიც, როგორც კადრები ადასტურებს, დაულუქავად გაიტანეს რურუას საკნიდან.
არანაირი თითქის კვალი, არანაირი მეტალიზაციის კვალი იარაღზე არ არის ამოღებული, პროკურატურა გვეუბნება ლამის, რომ ჩაფრინდა ის იარაღი მისით ისე, რომ შეხება არ ქონია ბატონ რურუას. დნმ კი იძულებით აუღეს პოლიციის შენობაში მას, რომ შემდეგ გაყალბებული ყოფილიყო ეს უკანონობა. ამასთან დაკავშირებით ექსპერტებიც არიან დაკითხული სასამართლოში, - ამბობს ადვოკატი ლევან სამუშია.
ოპოზიცია ამბობს, რომ კახა კუჭავას სახელით ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილი წერილი არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რურუა პოლიტპატიმარია.
ის, რომ უმრავლესობა წერილს აგზავნის სადღაც, უცხოეთის საპარლამენტო სტრუქტურებში და ამბობს, რომ გიორგი რურუას რაღაც დანაშაული ჰქონია წარსულში, ეს არის კომუნისტური, ეს არის ფაშისტური მიდგომა, როდესაც ადამაინისადმი დამნაშავედ ცნობა არ აქვს გამოტანილი სასამართლოს, როცა ირღვევა უდანაშაულის პრეზუმფცია, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი რომან გოცირიძე.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ეს წერილი პირდაპირი დასტურია, რომ გიორგი რურუას ციხეში ყოფნა ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთაა.
ამ ხალხს ჰგონია, ამ პოლიტიკურად ბრიყვებს, მაგრამ ყოველგვარი ბინძური წესების მომხმარებელ ხალხს, რომ ასეთ ბინძური დისკრედიტაციის კამპანიის გამოყენებას თუ დაიწყებენ, მათ შორის საქართველოს მეგობრებში ამით მიაღწევენ მიზანს. ამ დროს, ესეთი დოკუმენტი ვისაც უვარდება ხელში, ყველა ხვდება, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა, ერთ პატიმარზე ამხელა კამპანიას რომ აწარმოებ, მათ შორის, უამრავი ტყუილით, ეს წერილი იქნება მტკიცებულება მომავალში, როგორი კოორდინირებული პოლიტიკური დევნა იყო, - აცხადებს იგი.
ადვოკატების თქმით, კახა კუჭავას მიერ გაგზავნილი წერილის მთლიანი შინაარსი ცილისწამებაა.