დღეს პარლამენტმა ანტიკრიზისული ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს. ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს ოპოზიცია მმართველი პარტიის საარჩევნო ინტერსებზე მორგებულ კანონს უწოდებს და მას მხარს არ უჭერს.
ოპონენეტების თქმით, ბიუჯეტის ცვლილებები ასობით ათას ადამიანს ყოველგვარი დახმარების გარეშე, უმიძიმესი კრიზისის პირისპირ ტოვებს.
ოპოზიციის მტკიცებით, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დღევანდელ გამოწვევებს არ პასუხობს, ვინაიდან ეპიდემიამ უამრავ ადამიანს მიაყენა ეკონომიკური ზიანი.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ ბიუჯეტიდან თანხები იმ ადამიანებს მოხმარდებათ, ვინც არჩევნების პერიოდში "ქართული ოცნების" სასარგებლოდ იმუშავებენ.
ფაქტობრივად, ბიუჯეტის ფული არის პოლიტიკური მიზნებისათვის განკუთვნილი და ნაცვლად იმისა, რომ უმუშევარ, შიმშილის პირად მყოფ ადამიანებს დაეხმარონ, ინახავენ საოქტომბროდ, - განმარტავს გოცირიძე.
"ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი აღნიშნავს, რომ პანდემიის პირობებში აუცილებელია გადასახადების შემცირება, თუმცა მთავრობა უარს ამბობს ამ დათმობაზე.
მთავრობა გადასახადებს არ ამცირებს და ფულად დახმარებას რაც შეეხება, ის არის მინიმალურზე მინიმალური და არსებითად ვერ წყვეტს მთავარ პრობლემას, - ამბობს ჭიაბერაშვილი.
ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტს ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელიაც. მისი თქმით, რესურსები სამართლიანად არ ნაწილდება და ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.
2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 4%-ით მცირდება ეკონომიკური სარგებელი, საშემოსავლო ნაწილს კი 1,8 მილიარდი ლარი აკლდება.
აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და ევროპული საქართველოს" წევრები დღეს სხდომათა დარბაზში ბიუჯეტის დამტკიცებას არ დაესწრებიან.