რუსული ფეხბურთი უეფამ კიდევ ერთი სეზონით ყველა დონეზე მოკვეთა - რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს უეფას შეჯიბრებებში მონაწილეობა აეკრძალათ.
2022/23 წლების სეზონისთვის რუსეთს არ ეყოლება კლუბები, რომლებიც მონაწილეობენ უეფას ჩემპიონთა ლიგაში, უეფას ევროპა ლიგაში, უეფას ევროპის საკონფერენციო ლიგაში, უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგაში ან უეფას ახალგაზრდულ ლიგაში.
უეფამ ბათილად ცნო რუსეთის ევრო 2028-ისა და ევრო 2032-ის ჩატარებაზე შეტანილი განაცხადი. უკვე ცნობილია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო: არ იასპარეზებს ერთა B ლიგის მე-2 ჯგუფში. გუნდს ავტომატურად მიენიჭება ბოლო, მე-4 ადგილი და ის მე-16 რეიტინგით გავარდება C ლიგაში.
რუსეთის ქალთა ნაკრები მოხსნილია ევრო 2022-დან. ტურნირი 6-31 ივლისს ინგლისში უნდა გაიმართოს, სადაც რუსეთს პორტუგალიის ქალთა ნაკრები შეცვლის.
რუსეთის 17 და 19 წლამდელთა ნაკრებები როგორც ვაჟთა ასევე გოგონათა, ახალ სეზონში არ იასპარეზებენ თავიანთ ჯგუფებში, სადაც 3-3 მონაწილე დარჩება.
რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგს უკვე ჩამოერთვა ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის ფინალის მასპინძლობის უფლება.