ალტერნატიული კომისიის წევრის, მარინა აბაშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ ის საზღვარგარეთ, პოლიპროფილურ კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ.
როგორც აბაშიძე განმარტავს, საქართველოში არ არის დაწესებულება, სადაც მიხეილ სააკაშვილი შესაბამის მკურნალობას მიიღებს.
"ის, რაც მე ვნახე მედიის საშუალებით, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რასაც პირველ დღეს ვამბობდი, რომ პაციენტი არის უმძიმესი და ის სასწრაფოდ მოითხოვს გადაყვანას პოლიპროფილურ საავადმყოფოში. ალბათ უფრო საზღვარგარეთ, რადგან საქართველოში მე არ მეგულება ასეთი დაწესებულება", - მარინა აბაშიძე.
ცნობისთვის, ექიმების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილმა კონსილიუმის ჯგუფმა მესამე პრეზიდენტი 22 აპრილს მოინახულა. 27 აპრილს ნინო ლომჯარიამ კონსილიუმის დასკვნა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო ვიზიტთან (11.01.2022) შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. პაციენტი ამჟამად არის უარყოფით კატაბოლურ მდგომარეობაში (ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს - ერთგვარი თვითმონელება).
დასკვნაში ასევე წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მიხეილ სააკაშვილს ფორმალურად შიმშილობა არ აქვს გამოცხადებული, წინა შიმშილობისგან განსხვავებით, მიმდინარეობს წონის კლება კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილოვანი შიმშილი (მიზეზი - ანორექსია).
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ ოჯახის წევრები, ადვოკატები და მხარდამჭეერები. ამ მოთხოვნით უკვე რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ბათუმში, 6 მაისს გამართული აქცია პოლიციამ დაშალა. სამართალდამცველებმა აჭარის მთავრობის სახლთან გაშლილი კარვები აიღეს და აქციის 25 მონაწილე დააკავეს. დაკავებულების ნაწილი ხელწერილით გათავისუფლდა, ნაწილის სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული.