
გიორგი რურუას მოწოდების მიუხედავად, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებაში მონაწილეობა მიიღონ, არც "ნაციონალური მოძრაობა'' და არც "ევროპული საქართველო'' ცვლილებებისთვის ხმის მიცემას არ აპირებენ. ხელისუფლების ოპონენტები ისევ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებასა და პოლიტპატიმრის გათავისუფლებას ელოდებიან.
ოპოზიციის წარმომადგენელთა, შეფასებით რურუას მოწოდება ღირსეული გადაწყვეტილება იყო.
ძალიან ღირსეულია ეს პოზიცია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება. კანონის უზენაესობა არ არსებობს, ჩვენ ამას სულ ვამბობდით, ეს ყველამ გაიგო, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ამას აღიარებენ, ჩვენ მოვითხოვთ შეთანხმების შესრულებას, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი სერგი კაპანაძე კი ამტკიცებს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება მათთვის პრინციპული საკითხია.
ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, ჩვენთვის ეს არის პრინციპული ამბავი. ეს არ არის პირადად გიორგი რურუას საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ის არის ერთი პოლიტპატიმარი დარჩენილი. აქ არის საუბარი პრინციპზე, რომ ივანიშვილმა ის ვალდებულება რაც აიღო, შეასრულოს ბოლომდე, - აცხადებს იგი.
"მთავარი არხის'' ერთ-ერთმა დაფუძნებელმა განცხადება საპატიმროდან გაავრცელა. მან ოპოზიციას მიმართა, რომ მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვასას. "ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორეხარისხოვანია,'' - წერს რურუა.