
"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა საპატიმროდან განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რვა მარტის შეთანხმების შესრულება აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობა ყველამ მიიღოს.
მინდა გამოვეხმაურო რვა მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნვას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორეხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს. პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოზგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც. ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, - წერს გიორგი რურუა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა გუშინ, 115 ხმით სამის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღო. ბიძინა გეგიძე, კახა ოქრიაშვილი და ალექსანდრე ერქვანია - ეს ის დეპუტატები არიან, რომლებმაც ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.
განხილვასა და კენჭისყრაში გუშინ მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას - "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობდნენ, რომ ცვლილებებს მხარს მხოლოდ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლების შემთხვევაში დაუჭერდნენ.
მანამდე კი პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 136 ხმით ხუთის წინააღმდეგ მიიღო -
ცვლილებებს ოპოზიციიდან მხარი მხოლოდ "ევროპულმა საქართველომ" დაუჭირა იმ მიზნით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდნილიყო და ხელისუფლებას რურუას გასათავისუფლებლად დამატებითი დროც მისცემოდა. თუმცა პარტიაში მაშინვე ამბობდნენ, რომ პოლიტპატიმრის ციხეში დატოვების შემთხვევაში, მეორე და მესამე მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.
ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.