"ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ მათთვის უცნობია კლინიკა "ვივა მედის" რესურსები და შესაძლებელია თუ არა იქ მესამე პრეზიდენტის სწორი მკურნალობა. ჯიშკარიანი ამბობს, რომ გადაყვანის შეთავაზებაზე გადაწყვეტილება თვითონ მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს.
"ჩვენთვის უცნობია კლინიკა ვივა მედს თუ გააჩნია იმდაგვარი რესურსი, რომელიც ახლა სჭირდება მიხეილ სააკაშვილის სწორ დიაგნოსტიკას და შემდგომში სწორ მკურნალობას. ჩვენს მიერ რეკომენდებულია მაღალტექნოლოგიური კვლევები, ისეთი როგორიცაა, თავის ტვინის MRT კვლევა, ზურგის ტვინის MRT კვლევა და კატეს სკრინინგი კონტრასტით. ამდაგვარი კვლევების საშუალება თუ აქვს ვივა მედს ჩემთვის უცნობია და ვერც იმაზე დავდებ თავს, რომ იქ მოხდება დიაგნოსტიკა სწორად და წარიმართება მკურნალობა სწორად. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილებას იღებს თვითონ მიხეილ სააკაშვილი", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა დღეს თქვა, რომ პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანა არ ხდება. უწყება მიხეილ სააკაშვილს "ვივა მედში" გადაყვანასა და კვლევების ჩატარებას სთავაზობს.