20 ივნისის, ია კეზაიასა და თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეები, გიორგი რურუას დაკავება, პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები, "მთავარი არხის" და "ტვ პირველის" მფლობელების წინააღმდეგ დაწყებული დევნა, სიცოხლის უფლების დარღვევა, სადაც პრეზიდენტის სკანდალური შეწყალება ფიგურირებს - ეს არის მთავარი თემები, რომლებიც სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა.
ნინო ლომჯარია ამ წუთებში დეპუტატებს ომბუდსმენის აპარატის მიერ მომზადებულ ანგარიშს აცნობს. მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებიც.
ანგარიშში 20 ივნისს დიდი ადგილი ეთმობა და ნათქვამია, რომ ჩანაწერებში, რომლებიც ამ დროისთვის არის შესწავლილი, არ ისმის ბრძანება, არც გახარიას და არც მისი მოადგილის მხრიდან, რომ რეზინის ტყვიები იქნას გამოყენებული. ლომჯარია პირდაპირ აძლევს რეკომენდაციას პროკურატურას, რომ ბრალი წარუდგინოს კუდ-ის დირექტორს, რომელმაც, შესაძლოა, ადგილზე მიიღო ეს გადაწყვეტილება.
ჩვენი შეფასებით, მიმდინარე გამოძიება ამ ეტაპზე არ არის კონცენტრირებული, რომ გამოვლინდეს ღონისძიების მართვაზე პასუხისმგებელი პირების როლი და პასუხისმგებლობა. გამოძიება არ უყურებს სურათს სისტემურად, რომ გამოავლინოს მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის როლი, - ამბობს ნინო ლომჯარია.
ოპოზიციის თქმით, რადგან ბრძანება არ ისმის ჩანაწერებში, შესაძლოა, ვინმეს მხრიდან ეს გადაწყვეტილება ვინმეს მხრიდან არაფორმალურად ყოფილიყო მიღებული.
მაშინ, როცა სახალხო დამცველის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ დღემდე დაუდგენელია ვინ გასცა ბრძანება საქართველოს მოქალაქეებისთვის სანადირო ტყვიების დაშენის, ამის პარალელურად საქართველოს პრემიეერი და მაშინდელი შს მინისტრი გვეუბნება, რომ ეს არ აინტერესებს, - აცხადებს 'ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი.
"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრს ელენე ხოშტარიას ეჭვი აქვს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სახელმწიფოს 20 ივნისის საქმეებში გარკვევა და მისი გამოძიება არ უნდა, ისაა, რომ იქ ბიძინა ივანიშვილის როლი იკვეთება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი იმეორებდნენ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ ღამეს ქვეყანას გადატრიალება ააცილეს თავიდან.
სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოწყურებულია რევოლუაციას, რადგან იცის, რომ სხვაგვარად ხელისუფლებაში ვერ მოვა, ამ ძალამ გამოიყენა გავრილოვის შემთხვევა, ძალიან სამწუხარო შემთხვევა და შეეცადა, რომ შემოვარდნილიყო პარლამენტში. ჩვენ ეს ყველამ ერთად ვნახეთ, - აცხადებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.
მისი თქმით, სწორედ ამ პოლიტიკური ძალის კისერზეა 20 ივნისს დაზიანებული ადამიანების სისხლი.