სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებულ კიდევ ერთ გამოძიებას პროტესტით ხვდება მარნეულის მოსახლეობა. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია ამბობენ, რომ ლილუაშვილის უწყება წინასაარჩევნოდ რეგიონის მოსახლეთა დაშინებას ცდილობს.
სუს-ში იბარებენ ყველას, ვისაც მმართველი გუნდისგან განსხვავებული პოზიცია აქვს და ამას საჯაროდ გამოხატავს.
სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ აქტივისტებს გამოკითხვაზე მოწმეებად იბარებენ და შენდეგ კითხავენ, როგორც ბრალდებულებს. აქედან გამომდინარე, გამოკითხვების მიზანი ხალხის დაშინებაა.
ახლა არჩევნები მოდის და რაც მეტად დააშინებენ და გააჩუმებენ ხალხს, მით უფრო თავის მიზანს მიაღწევენ, - აღნიშნავს ბაირამოვა.
საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხის, მირთაგ ასადოვის თქმით, სუს-ის გამოკითხვების სერია მედიისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილია.
ჩვენ გვინდა საქართველოში დემოკრატიული პროცესები უფრო განვითარებული იყოს და არ დააშინონ აქტივისტები. ეს პროცესები იმიტომ ხდება, რომ აქტივისტებმა ხმა აღარ ამოიღონ, - განმარტავს ასადოვი.
"ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აგილ მუსტაფაევი კი ხელისუფლების ზეწოლის წარსულში მომხდარ ფაქტებს იხსენებს. მისი მტკიცებით, მარნეულელი აქტივისტების კონტროლი სუს-მა ჯერ კიდევ გასულ თვეს დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სამოქალაქო აქტივიზმი ბოლო დროს განსაკუთრებით განვითარდა. კარანტინის პერიოდში მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვის შემდეგ, მოსახლეობა გააქტიურდა და საკუთარ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი დაიწყო. შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში ამგვარ გააქტიურებას საფრთხედ აღიქვამს.