"მთავარის" რესპონდენტების წინააღმდეგ სუს-მა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" რესპონდენტების წინააღმდეგ გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, უკვე სამი საათია კითხავენ მარნეულის მცხოვრებლებს, არკინაზ გულიევასა და ზანურა თალიბოვას, რომლებიც კორონა ვირუსის დიაგნოზით ვაჭრობის საქმეზე, ჩვენს სიუჟეტში ღიად ალაპარაკდნენ. 

ლილუაშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. საქმის წარმოება კი კორონა ვირუსის შესახებ "ცრუ შეტყობინების" გაგზავნის დროს დაიწყო "მთავარის" ეთერში ზემოთაღნიშნული სიუჟეტის გასვლამდე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ გამორიცხავენ ამ საქმეზე "მთავარი არხის" ჟურნალისტების დაბარებასაც, მათ შორის შეიძლება აღმოჩნდეს "შაბათის მთავარის" ავტორი და წამყვანი მიშა სესიაშილი. შეგახსენებთ, რომ სწორედ მის ეთერში გავიდა ხმაურიანი სიუჟეტი 20 მაისს.

გამორიცხული არ არის, რომ სუს-მა "მთავარი არხის" რესპონდენტები დააპატიმროს. ცნობილი გახდა, რომ ეს ძიება დაწყებულია "მთავარი არხის" რეპორტაჟის ეთერში გასვლამდე და ეს ორი ადამიანი, სწორედ წინა საქმის ფარგლებში არიან დაბარებული. საბოტაჟის ბრალდება 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

"ქართულ ოცნებაში" არავინ ელოდება გამოძიების დასრულებას და ამბობენ, რომ ყველაფერი "მთავარის" სარედაქციო ჯგუფია დამნაშავე. 

სულ გაგიჟდა "მთავარი არხი", ისეთ რაღაცეებს აშუქებს. ამას არ ჰქვია ფეიკი, ამას ჰქვია მიზანმიმართული დარტყმა სიმართლეზე, სახელმწიფოზე და საქართველოს წარმატებაზე, რომელსაც ჰქვია კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ეფექტიანი მენეჯმენტი. სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ წარმატებაზე ახორციელებს დარტყმას, - აცხადებს უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. 

შეკითხვები ბევრი აქვთ სამოქალაქო სექტორში, მათ შორის, სახალხო დამცველს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდში სუს-ში იბარებენ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც პრობლემებზე ხმამაღლა საუბრობენ. ეს უკანასკნელნი კი სუს-ში გამოკითხვის შემდეგ ჩუმდებიან. სამოქალაქო სექტორის აზრით, ეს ნიშნავს პოლიტიკურ ზეწოლას და წინასაარჩევნოდ მშვიდი ფონის შექმნას რეგიონში, რომელიც ხელისუფლებისთვის ხმების მოსაზიდად ყველაზე მსუყე ლუკმაა. 

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ეხმაურება ხოლმე სუს-ი, როდესაც რაიმე სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებას ან სამართალდარღვევას აქვს ადგილი, საქმეში ერთვება სუს-ი. რაც, ვფიქრობთ, შეიძლება ადგილობრივების მხრიდან აღქმული იყოს მათ მიმართ გარკვეული ზეწოლის განხორციელების მცდელობას, - ამბობს სახალხო დამცველი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის გურამ იმნაძის თქმით, სახელმწიფო კონფლიქტებს მუდმივად ხედავს უსაფრთხოების თვალით, რასაც სუს-ის კომპეტენციის ზრდა მოჰყვება,

ამ შემთხვევაშიც უნდა ითქვა, რომ ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფოს არ აქვს პოზიტიური დღის წესრიგი, - ამბობს იგი. 

"მთავარი არხი" იმედს გამოთქვამს, რომ რესპონდენტები, რომლებიც ახლა იკითხებიან სუს-ის შენობაში, გამოკითხვის შემდეგ კვლავ ხმამაღლა განაგრძობენ საუბარს. 

უნდა აღინიშნოს,  რომ მარნეული არ ყოფილა ერთადერთი რეგიონი, სადაც ყალბი კოვიდდიანოზების თემაზე მოსახლეობა ლაპარაკობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი