შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
უწყების ცნობით, დაკავებულია 10 პირი.
"ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 2 პირი - 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ჯ. და 1994 წელს დაბადებული ი.ა. თბილისში, სხვადასხვა დროს დააკავეს.
სამართალდამცველებმა მ.ჯ.-ის საცხოვრებელი ბინისა და პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა, ხოლო მეორე დაკავებულის - ი.ა.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია "ნაგანის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 6 საბრძოლო ვაზნა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული ბ.გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა.
ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, კ. ს.-ის პირადი ჩხრეკისას კი, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს,ოთხი პირი - 1968 წელს დაბადებული ო.ჩ., 1977 წელს დაბადებული ბ.ა., 1961 წელს დაბადებული ვ.ფ. და 1973 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.კ. დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ედებათ.
სამართალდამცველებმა, ზ.კ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 60 ვაზნა, ო.ჩ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 ვაზნა, ხოლო ბ.ა.-ს სახლის ჩხრეკისას - პისტოლეტი და 6 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ვ.ფ.-ის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 127 ვაზნა.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული ლ.ფ. და 2000 წელს დაბადებული ლ.გ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და უკანონო ნადირობის ბრალდებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა -ტარებისა და უკანონო ნადირობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე სსკ-ის 301-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.