
თბილისის ბიუჯეტიდან გაფლანგული მილიონები - აუდიტის სამსახურის კიდევ ერთი სკანდალური დასკვნა, რომელიც შესაძლოა მერიის მაღალჩინოსნების დაკავების მიზეზი გახდეს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გაფლანგულია მილიონობით ლარი. მთავარი მაკონტროლებელი ორგანო არაერთ დარღვევაზე საუბრობს. მათ შორისაა, მეტროს რეაბილიტაციისთვის ჩატარებული საეჭვო ტენდერები. დასკვნაში ასევე საუბარია, რომ ტენდერებში ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ერთი კომპანია იმარჯვებს და სხვა კომპანიების დისკვალიფიცირება უმიზეზოდ ხდება.
მეტროს რეაბილიტაციის და დოკუმენტების არარსებობის გარდა, სატრანსპორტო ბარათებთან დაკავშირებითაც იკვეთება სქემა, საიდანაც ირკვევა, რომ მილიონობით ადამიანი სარგებლობს საშეღავათო ბარათებით, ამის გამო, კი დედაქალაქის ბიუჯეტმა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი იზარალა.
ამას გარდა, დასკვნაში ავტოპარკის მოწესრიგების საკითხიც მოხვდა, რადგან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „დაგმა“ ვერ უზრუნველყო ნორმალური ავტოპარკის მოწყობა და ბეტონები, რომლითაც გზა უნდა მოწესრიგებულიყო, დანგრეულია. ამის გამოც დედაქალაქის ბიუჯეტმა ათასობით ლარი დაკარგა.
აუდიტის დასკვნის საფუძველზე ოპოზიცია უკვე კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, 53-გვერდიანი დოკუმენტი საბრალდებო დასკვნაა.
„ეს აუდიტის დასკვნა ეხება კახი კალაძის დედაქალაქის მერობის პერიოდს. აქ რომ აუდიტი დაწერს, რომ თანამშრომლები სამსახურში არ დადიანო, მილიონობით ლარს ვიხდით მათ ანაზღაურებაში წლიდან წლამდე და ეს არანორმალურიაო, ეს, რა თქმა უნდა, ასეა... დასკვნაში წერია შავით თეთრზე, რომ მილიონობით ლარი გაიფლანგა დედაქალაქის მერის, კახი კალაძის პირობებში სატრანსპორტო კომპანიიდან... დასკვნა გადაგზავნილია საგამოძიებო უწყებაში და ამ დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის პასუხისგებაში მიცემა“, - განაცხადა ენმ-ის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.
აუდიტის დასკვნის საფუძველზე „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე არ გამორიცხავს, რომ სატრანსპორტო კომპანიიდან დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საკითხი წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული ყოფილიყო, რაშიც მერიის მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართულები.
53-გვერდიანი დასკვნაში ასევე წერია, რომ სატრანსპორტო კომპანიაში ისეთი ადამიანებიც არიან დასაქმებულები, ვინც ფაქტობრივად, სამსახურში არ დადის, თუმცა, თბილისის მერიისგან იღებენ ანაზღაურებას.
სატრანსპორტო კომპანიას ასევე გაქირავებული აქვს ასევე გარკვეული ფართები, რომელიც არა თბილისის მერიის, არამედ მხოლოდ კომპანიის ინტერესებზეა მორგებული.
დასკვნა, თბილისის მერიაში არსებულ კორუფციაზე მიუთითებს და დოკუმენტი, რომელიც 2017-18 წლების საქმიანობის შეფასებას მოიცავს, პროკურატურას უკვე გადაეგზავნა.