
ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს ის ბრიუსელში მიემგზავრება სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს, მათ შორის ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სხვებთან.
მთავრობის ცნობით, განხილვის თემა იქნება საქართველოს მიერ ევროკავშირში წარდგენილი კითხვარი.
"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვადაზე ადრე დავამთავრეთ კითხვართან დაკავშირებით მუშაობა. კიდევ ერთხელ, მინდა ყველა საჯარო მოხელეს მადლობა გადავუხადო, ვინც იყო ჩართული, მინისტრებს, ყველას, მთელ მთავრობას, ყველა უწყებას, პარლამენტს, რომ დროულად მოხდა კითხვარის შევსება და ევროკავშირისთვის წარდგენა. ამ და სხვა საკითხებზე მექნება შეხვედრები ბრიუსელში, უმაღლეს დონეზე. ასევე მექნება შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან. ასე რომ, ამ შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით გავაცნობთ", - თქვა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილს მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან მხოლოდ ეკონომიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი დავითაშვილი გამოჩნდა.
ოპოზიცია, არასამთავრობოები და სამოქალაქო სექტორი ამბობს, რომ დღეს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით ქვეყნის ევროკავშირის გაწევრიანება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.