სტოლტენბერგის შემდეგ, ღარიბაშვილი ჯოზეფ ბორელსაც შეხვდა

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ღარიბაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის წარდგენის მნიშვნელობაზე, კითხვარის შევსების პროცესზე და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

"შეხვედრაზე აღინიშნა ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკის, პოლიტიკის და დემოკრატიზაციის რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციასა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე.

განხილულ იქნა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, საუბარი, ასევე შეეხო უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილ ვითარებას.

პრემიერმინისტრმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა",-წერია მთავრობის განცხადებაში.

ღარიბაშვილი შეხვდა იენს სტოლტენბერგსაც. თუმცა მანამდე, დღეს NATO-ს ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილთან ალიანსის გენმდივნის შეხვედრა გაუქმდა. მოგვიანებით, "ოცნების" წევრებმა განმარტეს, რომ სტოლტენბერგს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და შეხვედრა ამის გამო არ შეეძლო. ამის შემდეგ კი NATO-ს ვებგვერდზე ინფორმაცია განაახლეს და დაწერეს, რომ შეხვედრა შედგებოდა, თუმცა მედიის გარეშე.

დღის ბოლოს კი სტოლტენბერგისა და ღარიბაშვილის შეხვედრა შედგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი