
ჩვენი პარტნიორები აშშ-ში არა უბრალოდ ისმენენ ჩვენს პოზიციებს, ეჭვი არ მეპარება, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული მათი მხრიდან იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ისტორიული ნება აღსრულდეს- აცხადებს ენმ-ს ლიდერი, ნიკა მელია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან შეხვედრის შემდეგ.
ოპოზიციის წარმომადგენლები დერეკ შოლეს "ქორთიარდ მერიოტში" შეხვდნენ. როგორც პოლიტიკოსები აცხადებენ, მთავარი საკითხები, რაზეც ამერიკელ მაღალჩინოსანთან ისაუბრეს იყო, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება, პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, პოლიტპატიმრები, დასავლური კურსი, ოლიგარქია და გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით.
ნიკა მელიას თქმით, ივანიშვილის სანქცირებაზე უკვე ყველა ფორმატში მიმდინარეობს მინიმუმ დისკუსია და არცთუ უშედეგოდ და მისი დასანქცირება მელიას თქმით, "დროის საკითხია".
"ბიძინა ივანიშვილი არის უმკაცრესი მონიტორინგის ქვეშ. მისი ეკონომიკური საქმიანობა არის ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ და მას უკვე შეექმნა მისთვის სერიოზული და სამართლიანი პრობლემები სხვადასხვა ტრანზაქციებთან მიმართებაში. ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება" განაცხადა მელიამ.
რაც შეეხება ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, ნიკა მელიას თქმით, ორივე საკითხთან დაკავშირებით, ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ნიკა გვარამიასთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც იყო სრულყოფილად საუბარი. პოლიტიკური პატიმრობა, რომ სენსაციად აღარ აღიქმება ჩვენს ქვეყანაში, ეს არის უფრო შემაშფოთებელია ჩვენი პარტნიორებისთვის. ამ ვითარებას ამძიმებს გარემოება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, იგი იბრძვის სიცოცხლისთვის და ებრძვის სიკვდილს და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს წარმადგენლების როლი და აქაც როგორც არასოდეს, ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ეს ვითარება ძალიან მალე შეიცვლება მიხეილ სააკაშვილის, როგორც უსამართლოდ ტყვეობაში მყოფი ადამიანის სასარგებლოდ და იგი იქნება გადაყვანილი შესაბამის ევროპულ სახელმწიფოში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.
ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით საერთოდ კითხვის ნიშანიც კი არ ისმის თუ ვინმე არის ყველა გაგებით პოლიტიკური პატიმარი, მედიაწარმომადგენელი და ეს იყო პირველი შემთხვევა, აქამდე გვინახავს აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობაში, მაგრამ უფრო შორს წავიდა "ოცნება" და ჟურნალისტი, უსაფუძვლოდ დააკავეს და ვფიქრობ, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, ზომები ძალიან სწრაფად იქნება მიღებული და მალე დაგიბრუნდებათ თქვენ ტელევიზიაში" განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, დერეკ შოლეს ოპოზიციის ლიდერებმა, 4 კრიტიკული მედიის ერთობლივი წერილი გადასცეს, სადაც დეტალურადაა საუბარი ქვეყანაში არსებულ მძიმე მედიაგარემოზე და "ოცნების" ხელისუფლების მხრიდან, ჟურნალისტების მიმართ ზეწოლაზე.